წინანდლის ბაღი
ალექსანდრე ჭავჭავაძემ, წინანდლის მამულის მოწყობისას, განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია სასახლის გარშემო ულამაზესი ბაღის გასაშენებლად.მან ბაღში მიწისქვეშა საირიგაციო სისტემა მოაწყო; ინგლისიდან მოიწვია ლანდშაფტის არქიტექტორები. სწორედ მათი დახმარებით დაგეგმა და გააშენა წინანდლის უნიკალური, 18 ჰექტარზე გადაშლილი ბაღნარი, სადაც დღემდე 1600-ზე მეტი სახეობის ეგზოტიკური მცენარეა წარმოდგენილი მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.
წინანდლის ბაღმა ალექსანდრეს შემდეგ სამჯერ შეიცვალა ფორმა და იერსახე. პირველად 1854 წელს, შამილის შემოსევის დროს, ბაღი სასახლესთან ერთად დაიწვა და თითქმის მთლიანად დაიკარგა მისი პირვანდელი, ავთენტური სახე. მეორედ, მას შემდეგ, რაც მამული რომანოვების ოჯახის საკუთრება გახდა, ბაღის საწყისი იერსახის აღდგენა განხორციელდა. მესამედ კი, საბჭოთა კავშირის დროს, წინანდლის მამულის მთავარმა მშვენებამ მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი ულამაზესი თარგები დაკარგა და ის საბჭოურმა მონუმენტურმა, ერთფეროვანმა სტილმა ჩაანაცვლა.
2008 წლიდან „სილქროუდ ჯგუფმა“, წინანდლის მამულის სრულად აღდგენის ფარგლებში, წარმატებით განახორციელა წინანდლის ბაღის მრავალმხრივი რეაბილიტაცია. აღდგენითი სამუშაოები გერმანიიდან მოწვეული ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორის, ლუდვიკ ტროიცეტელის რეკომენდაციების მიხედვით ჩატარდა. გაიწმინდა ბილიკები, გაიხსნა ხედები და სივრცეები, მოწესრიგდა მე-19 საუკუნის თარგები და ბაღი ნელნელა დაუბრუნდა ჭავჭავაძეების დროინდელ პირვანდელ იერსახეს. 2019 წლიდან წინანდლის ბაღი ევროპის ისტორიული მემკვიდრეობის ბაღების ნუსხაში შევიდა.
მამულის წარმტაცი ბაღის სტუმრებს ყოველ ჯერზე აჯადოებს ულამაზესი მცენარეებისა და ნარგავების, ბუნებრივად მიმოფენილი იდეალური ჰარმონია, რაც ასე ახასიათებს ინგლისური სტილის ლანდშაფტის არქიტექტურას.
ბაღში, რომლის უნიკალურმა შემადგენლობამ თავისთავად შექმნა განსაკუთრებული მიკროკლიმატი, დღემდე დაცულია საუკუნოვანი, ფასდაუდებელი მცენარეები, რომელთაგან ზოგიერთს ლამაზი ლეგენდა ან საინტერესო თქმულებაც კი უკავშირდება. წინანდლის ბაღის განსაკუთრებული ბინადარია საუკუნოვანი ცაცხვის ხე. ლეგენდის თანახმად, შამილის შემოსევის დროს, სწორედ ამ უზარმაზარი ცაცხვის ფუღუროში დაემალა მტერს ალექსანდრეს პატარა ასული - ნინო.
აქვეა საუკუნოვანი მუხის ხე, ბამბუკის ტყის ულამაზესი სივრცე, მწვანე ლაბირინთი, უნიკალური წიწვოვანი ნარგავები, ჩრდილო-ამერიკული მეტასექვოია და ჩინური გინგკოსა. გულგრილს ვერავის ტოვებს ბაღის რომანტიული კუთხე - სიყვარულის ხეივანი, რომელშიც, თქმულებას თუ მივყვებით, თუკი წყვილი თვალდახუჭული გაივლის, მათი სიყვარული სამუდამო და ბედნიერების მომტანი იქნება.
„სილქროუდ ჯგუფის“ ძალისხმევით დღემდე გრძელდება წინანდლის ბაღის აღდგენითი სამუშაოები, რეგულარულად ტარდება მცენარეების დიაგნოსტირება და საჭიროების შემთხვევაში, მათი მკურნალობა.