მუზეუმის შესახებ
ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში 1886 წელს აშენდა. თავდაპირველად სასახლე გარსევან ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა გარსევანი მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო რუსეთში. მოგვიანებით, გარსევანისგან სასახლე მემკვიდრეობით გადაეცა მის ერთადერთ ვაჟს – ალექსანდრე ჭავჭავაძეს. ალექსანდრემ მემკვიდრეობით მიღებული სასახლე მე-19 საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების საყვარელ თავშეყრის სალონად და კულტურული ღონისძიებების კერად გადააქცია. ჭავჭავაძეების სასახლეს სტუმრობდნენ ალექსანდრე დიუმა, მარი-ფელისიტე ბროსე, ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი, გრიგოლ ორბელიანი, ვახტანგ ორბელიანი, გიორგი ერისთავი, ალექსანდრე გრიბოედოვი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და სხვები. სტუმრები წინანდლის მამულს "პოეტებისა და მწერლების ლიტერატურულ გულს" უწოდებდნენ. აქ ჩაეყარა საფუძველი ქართული თეატრის დაარსების იდეასაც.
2007 წლიდან „სილქროუდ ჯგუფმა“ ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის მიზნით 12 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. შედეგად მთლიანად განახლა სიძველისგან დაზიანებული სასახლე და სრული რესტავრაცია ჩაუტარდა მუზეუმში დაცულ 100-ზე მეტ უნიკალურ ექსპონატს, სამუზეუმო ფონდი კი 500-ზე მეტი ექსპონატით გამდიდრდა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის ლიტერატურული გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული ტილოები და ლითოგრაფიული ნამუშევრები. მუზეუმში ავთენტური სახით არის შენარჩუნებული მე-18 - მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს როიალი; ასევე ჩინური, იაპონური, ევროპული, ქართული და რუსული ჭურჭელი..
დღესდღეობით ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმს ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი - მაია კოკოჩაშვილი ხელმძღვანელობს.